საქონლის ხორცი
dაქონლის ხორცი (ინგლ. Beef) ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა მაღალი ხარისხის ცილის, რომელიც ორგანიზმს ყველა აუცილებელი ამინომჟავით ამარაგებს. იგი მდიდარია რკინითა და თუთიით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდის პროცესში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. საქონლის ხორცი ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (განსაკუთრებით B12 და B6), რაც ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმს და ტვინისა და ნერვული სისტემის სწორ განვითარებას.
საქონლის ხორცის რეგულარული მიღება ბავშვებში ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ფორმირებას, ზრდისა და განვითარების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმის ენერგიის საჭირო დონის შენარჩუნებას. რკინა, რომელიც ხორცშია, ადვილად შეიწოვება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანემიის პრევენციისთვის.
📌 როგორ შევიტანოთ ბავშვის კვებაში?
🔸 6 თვიდან: საქონლის ხორცი ჩვილისთვის უნდა მომზადდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა საკვები იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ადვილად მოსანელებელი. პირველ ეტაპზე ხორცი უნდა იყოს კარგად მოხარშული და დაბლენდერებული, პიურეს კონსისტენციის. რეკომენდებულია მისი შერევა მარტივად მოსანელებელ ბოსტნეულთან (მაგალითად, სტაფილო, ბატატი, ყაბაყი) ან მარცვლეულთან, როგორიცაა ბრინჯი ან წიწიბურა.
🔸 12 თვიდან: ერთი წლის ასაკიდან ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ მცირე ზომის, რბილად მოხარშული ნაჭრები, რათა ნელ-ნელა მიეჩვიოს მყარი საკვების ტექსტურას და თავიდან აიცილოთ გადაცდენის რისკი. ხორცი უნდა იყოს რბილი და კარგად დაქუცმაცებული ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად, რათა ბავშვმა მარტივად შეძლოს დაღეჭვა და გადაყლაპვა.
💡 გაითვალისწინეთ:
ხორცის მომზადებისას მოერიდეთ მარილის, სანელებლებისა და სხვა დანამატების გამოყენებას სანამ ბავშვი 1 წლის არ გახდება.
ყოველთვის შეარჩიეთ სუფთა, მაღალი ხარისხის საქონლის ხორცი.
მოერიდეთ ცხიმიან ნაწილებს და შეარჩიეთ კუნთოვანი, მჭლე ხორცი, რათა ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზედმეტი დატვირთვა არ მოხდეს.
